3 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 29 560 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.