საქართველოს პრემიერ-მიისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.
ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს „ხალხის ძალასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ღირებულებით ნაწილში განსხვავების საკითხზე.
„ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც თავად მიაჩნია. ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია, ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგიაა მისაღები.
მე ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს და ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატულება.
მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი, ძლიერი ურთიერთობა, მითუმეტეს ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
ის ღირებულებითი განსხვავება რაც ჩვენ გვაქვს ოპოზიციისგან არის შემდეგი, ისინი მართავდნენ ქვეყანას დიქტატორულად-ავტოკრატიულად, ღირებულებები ეს არის - ადამიანის უფლებებია, თავისუფლებაა, ქვეყნის სიყვარული და ა.შ. ვიმეორებ, ჩვენ ვართ დემოკრატია, ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი სივრცე, თავისუფალი გარემო, ჩვენ რა თქმა უნდა ვართ გამიჯნულები, ისინი თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერი ნათქვამია, მათ შორის, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები,“- აღნიშნა პრემიერმა. - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენ შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს“, - ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.