უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები, ფრონტზე არსებული ვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი და ერთობლივი საერთაშორისო ზომები განიხილეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
„ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. განვიხილეთ დამატებითი სანქციები, სიტუაცია ბრძოლის ველზე და სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო ექსპორტის შენარჩუნების მნიშვნელობა. ჩვენ კოორდინაციას ვახორციელებთ ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებებამდე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივი გადამწყვეტი პასუხი უნდა გასცეს რუსეთის უტიფარ მცდელობებს უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ ბაიდენს და შეერთებულ შტატებს უკრაინის მუდმივი უსაფრთხოებისა და ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„სასიამოვნოა პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვების მოსმენა, რომ ჩვენი სამხედროები შთააგონებენ მთელ მსოფლიოს, ჩვენი ხალხი შთააგონებს მთელ მსოფლიოს. ეს სიმართლეა: ჩვენი გამარჯვება ამ ომში გვიჩვენებს, თუ რამდენად შეუძლია, უკრაინას აჩვენოს თავისუფლების გლობალური ძალა, დემოკრატიის გლობალური სიძლიერე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
4 ოქტომბერს აშშ-ის მთავრობამ უკრაინისთვის დამატებით 625 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.