აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს დილით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას.
ჯო ბაიდენმა ასევე დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი მზადყოფნა, დააკისროს მძიმე ხარჯები ნებისმიერ ინდივიდს, ერთეულს ან ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის სავარაუდო ანექსიას.
პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენი ხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდება, მათ შორის $625 მილიონი დოლარის უსაფრთხოების ახალი პაკეტის მიწოდებით, რომელიც მოიცავს დამატებით იარაღს და აღჭურვილობას, მათ შორის HIMARS-ს, საარტილერიო სისტემებს და საბრძოლო მასალას და ჯავშანტექნიკას.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა შეერთებული შტატების მცდელობა, გააერთიანოს მსოფლიო უკრაინის მცდელობების დასაცავად, დაიცვას თავისი თავისუფლება და დემოკრატია, როგორც ეს გაწერილია გაეროს წესდებაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.