სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა, განსაკუთრებით გასაკვირი იყო, რადგან პარლამენტის მრავალმა წევრმა, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობაში მოსვლამდე, იცის, რამდენად კრიტიკულ როლს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება ჯანსაღ დემოკრატიაში. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„დღეს მქონდა კარგი შესაძლებლობა, მოვსულიყავი პარლამენტში USAID-ის მისიის ახალ დირექტორთან ჯონ პენელთან ერთად. ჩვენ გვქონდა შანსი, გვესაუბრა საქართველოში USAID-ის თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე მრავალ სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, საბაზისო თუ პროფესიული განათლება, ინდუსტრიაზე ორიენტირებული უნარების განვითარება და, რა თქმა უნდა, დემოკრატია, მმართველობა.
ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ბევრი კარგი სამუშაო შევასრულეთ პარლამენტთან ერთად მისი საზედამხედველო შესაძლებლობების განვითარების, მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე კანონმდებლობის შემუშავებაში დახმარების, ასევე, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით.
ამრიგად, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, წარგვედგინა USAID-ის მისიის ახალი დირექტორი. როგორც სპიკერმა თავად აღნიშნა, მან კარიერის დიდი ნაწილი დაუთმო განვითარების სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენთვის სასარგებლო იყო, გაგვეცვალა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვთ სამოქალაქო საზოგადოებას და განვითარების ორგანიზაციებს ნებისმიერი მთავრობისთვის, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ჩვენ გვაქვს ასეთი ხანგრძლივი პარტნიორობა ბოლო 30 წლის განმავლობაში.
ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა, განსაკუთრებით გასაკვირი იყო, რადგან პარლამენტის მრავალმა წევრმა, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობაში მოსვლამდე, იცის, რამდენად კრიტიკულ როლს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება ჯანსაღ დემოკრატიაში.
- ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა, თუმცა ეს არის მათი როლი, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება.
ზოგჯერ ეს შეფასება არის არაკომფორტული, თუმცა მათი ამოცანა არაა მთავრობისთვის მუშაობა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის მუშაობა, ისინი მუშაობენ საზოგადოებისთვის, მოქალაქეების უფლებებისთვის და იმისთვის, რომ მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული.
ვფიქრობ, საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ძალიან პროფესიონალი, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ამას აკეთებს - იქნება ეს გარემოს დაცვა, კლიმატურ ცვლილებებთან, გამონაბოლქვთან ბრძოლა, დასაქმებულების, უფლებების დასაცავად რეგულაციების შემუშავების დახმარება.
სამოქალაქო საზოგადოება მუშაობს ბევრ სექტორში და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაფასოთ მათ მიერ ყოველდღიურად შესრულებული კარგი სამუშაო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.