აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „დეოლიგარქიზაციის“ კანონის შესახებ აცხადებს, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, კარგად ვერ იმუშავებს. ამასთან, ელჩი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ისეთი პრაქტიკის შემოტანა და კარგი მაგალითის აღება, რაც საქართველოსთან არის შესაბამისობაში.
„დეოლიგარქიზაცია გულისხმობს არასათანადო გავლენის შემცირებას პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე - კერძოდ, იმ საკითხებზე რეაგირებას, რომლებიც იწვევს არასათანადო ფინანსურ და სხვა სახის გავლენას.
ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში, ის მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის ჩემს ქვეყანაშიც. თითოეული ქვეყანა ეძებს საკუთარ გზებს, თუ როგორ მოახდინოს რეაგირება ამ არასათანადო გავლენაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართოს და საკითხის გადასაჭრელად შესაბამისი გზები მოიძებნოს.
რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყანას აქვს გარკვეული ზომები მიღებული, თუმცა არ ვთვლი, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, კარგად იმუშავებს, რადგან თითოეულ ქვეყანას თავისი გარკვეული კონტექსტი აქვს. თუმცა არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომლის გამოცდილების გაზიარება შესაძლებელია, ისეთის, რაც შესაბამისობაშია საქართველოსთან“, - განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი.
კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.