რუსეთის ფედერაციაში, პენზაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, რომელმაც სამხედრო აღრიცხვის ოფისში განცხადების ხელმოწერაზე უარი თქვა. ამის შესახებ უფლებადამცველი პაველ ჩიკოვი აცხადებს.
მისივე თქმით, 32 წლის კაცი სპეცრაზმის დახმარებით დააკავეს და უკვე მეორე დღეა, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
მობილიზაციის დაწყების შემდეგ, რაც პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა, გამოძახებაზე უარის თქმის გამო აღძრული პირველი სისხლის სამართლის საქმეა.
საქმე აღძრულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (სამსახურიდან თავის არიდება). ამავდროულად, როგორც ჩიკოვი აღნიშნავს, რუსეთის უზენაესი სასამართლოს განმარტებით, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა.