ოკუპირებული აფხაზეთის ნაგვალოუს პოლიგონზე, სარეზერვო ქვედანაყოფებთან ერთად, სამობილიზაციო წვრთნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაგვალოუს პოლიგონზე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნები სარეზერვო ქვედანაყოფებთან და ოპერატიული მიმართულება „აღმოსავლეთის“ ქვედანაყოფებთან ერთად მიმდინარეობს.

„ნაგვალოუს პოლიგონზე, რეზერვის პირველი და მე-2 მსროლელი ბრიგადების პერსონალთან საბრძოლო საკოორდინაციო სწავლება გრძელდება“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„სამხედრო სწავლებები ოპერატიული მიმართულება „აღმოსავლეთის“ სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნების გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

ამ სარეზერვო ფორმირებების სამხედროები გადიან პრაქტიკას დაქვემდებარებული პერსონალის მომზადებაში, ასრულებენ საბრძოლო მომზადების საგნების სტანდარტებს, ზრდიან საველე მომზადების დონესა და თანმიმდევრულობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.