ყაზახეთი ტრანსსასაზღვრო ჰაბების ფორმირებას გეგმავს

ყაზახეთის პორტ „აქტაუს“ შეუძლია სატრანსპორტო დერეფნების „ჩრდილოეთ-სამხრეთისა“ და „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ ძირითადი ელემენტი გახდეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა კასპიის მეორე ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობისა და უნიკალური სატრანზიტო პოტენციალის გამო, კასპიის ზღვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.

მისი თქმით, ყაზახეთისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოება წარმოადგენს. 

„ყაზახეთმა გამოკვეთა დიდი გეგმები ტრანსსასაზღვრო ჰაბების ფორმირებისთვის, რაც გაზრდის ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნების პოტენციალს. ეს არის საზღვაო პორტები „აქტაუ“ და „კურიკი“, მშრალი ტვირთების პორტი „ხორგოსი“, სამრეწველო თანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრი „ცენტრალური აზია“ და სხვა. ეს ჰაბები ხელს უწყობს სავაჭრო ნაკადების გაფართოებას კასპიის ქვეყნებთან და შემდგომ საერთაშორისო ბაზრებთან“, - განაცხადა ალიხან სმილოვმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მეთაურის ინიციატივაზე, შექმნას კასპიის სასურსათო ცენტრი, რომელიც შეიძლება აქტაუს პორტში ძირითადი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრი გახდეს. 

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ რეგიონთაშორისი ვაჭრობის პოტენციალის სრულად განბლოკვის მიზნით, აუცილებელია რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება. მაგალითად, სატრანზიტო და საექსპორტო ტვირთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი.

„ეს არის უმოკლესი გზა სპარსეთის ყურის ქვეყნებისკენ. გარდა ამისა, არის პოტენციური ტვირთები ინდოეთიდან ჩვენი მიმართულებით. აქტაუს პორტი შეიძლება გახდეს ჰაბი ინდოეთი-სპარსეთის ყურის ქვეყნები-ირანი-ყაზახეთი-რუსეთი მარშრუტზე“, განაცხადა ალიხან სმილოვმა.

ყაზახეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ასევე გამოაცხადა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე არსებული შეფერხებების აღმოფხვრის აუცილებლობა, რათა ტვირთების ნაკადები ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის გაიზარდოს. 

„ყაზახეთი მზადაა დაიწყოს პრაქტიკული ერთობლივი ქმედებები რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გასაძლიერებლად. დღეს ჩემს კოლეგებთან შევთანხმდით, რომ ამ სამუშაოს ახლავე დავიწყებთ, შევიმუშავებთ შესაბამის საგზაო რუკას და დავიწყებთ ჩვენი სატრანზიტო მარშრუტების პოტენციალის გაფართოებას“, - აღნიშნა ალიხან სმილოვმა.