ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების და ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციის კუთხით მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება. 

ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება მთავრობის ეკონომიკური პრიორიტეტებიდან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - რომ სატრანზიტო პოტენციალი სრულად იქნას ათვისებული. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

 „2021–22 წლებში მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პროექტები განხორციელდა ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში. მათ შორის, ბათუმში დასრულდა მულტიმოდალური ,,კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობა, სადაც მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებია განხორციელებული, და რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძის ფუნქციის გასაძლიერებლად. ასევე ახალი თანამედროვე საპორტო ინფრასტურქტურა გაჩნდა ფოთში, რომელიც ასევე აშშ–ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) დაფინანსებით ამოქმედდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

  • ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შავ ზღვაზე დაკავშირებადობის ზრდა დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი მარშრუტი დღეს ყველაზე მეტად მიმზიდველია და უფრო კონკურენტუნარიანი.

 „საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი დღეს აკავშირებს არამხოლოდ ევროპასა და აზიას, არამედ რეგიონს დამატებით მიმზიდველობას სძენს საინვესტიციო კუთხით. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი საბორნე გადაზიდვების და რეგულარული საბორნე მიმოსვლის მხრივ საქართველოს, რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთსა და უკრაინას შორის. ამ კუთხით ჩვენ მნიშვნელოვანი შესწავლა გავაკეთეთ ევროკავშირთან ერთად და მკაფიო გეგმის თანახმად, ჩვენ დამატებითი რეგულარული საბორნე კავშირები გვექნება ამ მიმართულებებში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ასევე რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომლის ფარგლებში დღეისათვის დასრულებულია სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86%.