აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს აჯამებს. ჯენკინსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას.
„მადლობა ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციას და საქართველოს მთავრობას იმის შესაძლებლობისთვის, რომ განგვეხილა CovID19-ის პანდემიისგან მიღებული გაკვეთილები და ის, თუ როგორ ვპასუხობთ ბიოლოგიურ საფრთხეებს. დღესვე ქართულ მედიასთან ვისაუბრე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ აშშ-ის განგრძობად მხარდაჭერაზე“, - აღნიშნავს ბონი ჯენკინსი.
- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია
- ბონი ჯენკინსი: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეროვნული შესაძლებლობები შემთხვევითი ან მიზანმიმართული ბიოლოგიური ინციდენტების თავიდან ასაცილებლად
„შეერთებული შტატები ყოველთვის დააფასებს და მხარს დაუჭერს უკრაინას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც ჩვენ ყოველთვის ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს, რადგანაც ისინი იბრძვიან თავისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის“, - განაცხადა ბონი ჯენკინსმა თბილისში, 6 ოქტომბერს.
ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს იმყოფება.