კახა კალაძე Credit Suisse-ზე: დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ, რადგან მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ალბათ ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ. ვერავინ შეძლებს მის დაშანტაჟებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავას.

„რაც შეეხება დავას, აბსოლუტურად გაუგებარია ბანკის პოზიცია. ცხადია, რომ იმ გადაწყვეტილებებით, რასაც Credit Suisse იღებს, ისინი თვითდაზიანების რეჟიმში არიან. საერთაშორისო ბირჟაზე მათ აქციებს თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს, როგორ ეცემა ფასები. ეს გამოწვეულია პრობლემით, რაც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. შეიძლება ვიღაც მიზანმიმართულად აკეთებს თანხების შეყოვნებას, იმისთვის, რომ ზეგავლენა იქონიოს ამ ადამიანზე, თუნდაც დააშანტაჟოს.

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ალბათ ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ. ვერავინ შეძლებს მის დაშანტაჟებას. ის არის ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, სამშობლოსა და ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული, რაც დაამტკიცა კონკრეტული გაკეთებული საქმეებით“, - განაცხადა კალაძემ.