საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ უწყება აქტიურად მუშაობს, იმისთვის რომ ათწლიანი გეგმის მიხედვით ქვეყანამ მსხვილი შეიარაღება შეიძინოს.
„გუშინ ჩემმა მოადგილემ ხელი მოაწერა შეთანხმებას თურქულ მხარესთან, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ჯავშანტრანსპორტიორებს მომავალი წლის გაზაფხულზე, 46 ერთეულს,“ - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით სსსტც „დელტამ“ უკვე გადასცა 60 ერთეული შეჯავშნული მანქანა თავდაცვის ძალებს და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის მოცულობის მიუხედავად, წინა ხელისუფლების დროს ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზეც ისაუბრა.
„ჩვენ დავიწყეთ ერთობლივი საწარმოების დაფუძნება, რომლებიც ძალიან წარმატებულად მიდის. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმ მსხვილი შეიარაღების შეძენაზე, რაც დაგეგმილია და გაწერილია ჩვენი ათწლიანი პრიორიტეტებით“, - განაცხადა მინისტრმა.