თეირანი არ ერიდება დიალოგს ბირთვულ პროგრამაზე, მაგრამ არ დააკავშირებს ქვეყნის პროგრესს დასავლური სახელმწიფოების მოთხოვნებთან. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა განაცხადა.
მისი თქმით, ირანი არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდის დატოვებას.
„ჩვენ გვითხრეს, რომ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და ირანის პრობლემები მოგვარდებოდა. თეირანმა გამოაცხადა მზადყოფნა გულწრფელი დიალოგისთვის. ჩვენ არ ვტოვებთ მოლაპარაკების მაგიდას, რადგან გვაქვს ლოგიკა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ალ-ზაჰრას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.
რაისის ინფორმაციით, ამ საკითხზე მან ნიუ-იორკში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრა გამართა.
„მე ვთხოვე მაკრონს და ნიუ-იორკში მყოფ ექსპერტებს, ეთქვათ, ჩვენი რომელი მოთხოვნაა ალოგიკური. მოგვიანებით მათ აღიარეს, რომ ჩვენი სიტყვები შესაძლოა, გამართლდეს. ჩვენ არასოდეს გამოვრიცხავთ პატიოსან დიალოგს, მაგრამ ჩვენს წინსვლას არ ვუკავშირებთ ცბიერებასა და წარბშეკრულ საუბარს“, - ხაზგასმით აღნიშნა რაისმა.
2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა.
შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.