ქერჩის სრუტის ხიდის დაზიანება დიდი ალბათობით მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსეთის უნარზე, შეინარჩუნოს თავისი ძალები სამხრეთ უკრაინაში. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ყირიმის ხიდის დაზიანება პუტინს მნიშვნელოვნად შეეხება.
მისივე თანახმად, აფეთქების შემდეგ, რომელმაც ხიდი დააზიანა, გზის ოთხი სავალი ნაწილიდან ორი ჩამოინგრა, საუბარია დაახლოებით 250 მეტრის სიგრძის სავალ ნაწილზე.
„ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი დანარჩენი ორი სავალი ნაწილით აღდგა, მაგრამ გამტარუნარიანობა სერიოზულად დაქვეითდება“, აცხადებენ სამინისტროში.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობითვე, სარკინიგზო გადასასვლელის დაზიანების მასშტაბი გაურკვეველია, მაგრამ მისი გამტარუნარიანობის ნებისმიერი სერიოზული დარღვევა დიდი ალბათობით, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსეთის უნარზე, შეინარჩუნოს თავისი ძალები სამხრეთ უკრაინაში“, - ნათქვამია მოხსენებაში.
სარკინიგზო გადასასვლელი მხოლოდ 2020 წლის ივნისში გაიხსნა ტვირთებისთვის, მაგრამ ხსენებულმა ხაზმა, რუსეთის შეჭრის დროს მძიმე სამხედრო მანქანების სამხრეთის ფრონტზე გადაადგილებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
„პრეზიდენტმა პუტინმა პირადად დააფინანსა და გახსნა ხიდი, ხოლო მისი სამშენებლო სამუშაოს განხორციელების დროს, კონტრაქტორი მისი ბავშვობის მეგობარი, რუსი მილიარდერი არკადი როტენბერგი იყო“, - იუწყება ბრიტანული დაზვერვა.
ბოლო თვეებში, პუტინის ყოფილმა დაცვამ, ახლა რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ვიქტორ ზოლატოვმა, ხიდის უსაფრთხოების შესახებ საჯარო გარანტიები გასცა.
8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.