არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ აუცილებლად განახორციელებს დასახულ პროგრამას და ამოცანებს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებას“ მომავალი განვითარების ძალიან საინტერესო ხედვა აქვს, რომელსაც აუცილებლად განხორციელებს.

როგორც თალაკვაძემ დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა, მათი პარტია მთლიანად ორიენტირებულია მომავალზე.

„ეს არის სამი ძირითადი მიმართულება, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოების და მშვიდობის განმტკიცება და ეკონომიკური განვითარება, რომელიც თავის მხრივ, რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. ამ მიმართულებებით ჩვენ შევეცდებით საზოგადოებასთან ერთად უზრუნველვყოთ პროგრესი და გარწმუნებთ, როგორ კი გლობალური პანდემია დასრულდება, საქართველოს დაუბრუნდება განვითარების მაღალ ტემპებს ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ხედვა, გვყავს განახლებული პროგრესული გუნდი, ვნახეთ, რომ პოლიტსაბჭოში ეს განახლება დღეიდან უკვე ასახულია, გამორჩეული ახალგაზრდა ლიდერები შემოვიდნენ პოლიტიკური პარტიი მართვის პლატფორმაზე, ეს არის პოლიტსაბჭო, 20 ადამიანი შევეცდებით მივიღოთ სწორი, დროული, ეფექტური გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოადგება. თითოეული წევრი პოლიტსაბჭოში რა თქმა უნდა, დასახელებული იყო იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც შიდა გუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან, ვიდრე ის პოლიტიკას დატოვებდა“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, მიიღო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებით, პარტიაში მთელი პასუხისმგებლობა და მართვის სადავეები გადმოდის მათ გუნდზე, რომელიც დღეს განახლებული სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე.

„გარწმუნებთ, რომ ჩვენ წარმატებით განვახორციელებთ იმ პროგრამასა და ამოცანებს, რომელიც პოლიტიკური პარტიის წინაშე დგას. „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდოამრეს ირაკლი კობახიძეს ჩვენი გუნდისგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. დარწმუნებული ვარ, გუნდის მხარდაჭერით ის თავს გაართმევს ამოცანებს, რომელიც ჩვენი პარტიის წინაშე დგას. მას გამორჩეული თვისებები აქვს, ის არის გამოცდილი პოლიტიკური ლიდერი, უშუალოდ აქვს წვლილი შეტანილი პარტიის განვითარებაში, ასევე არაერთ წარმატებულ საარჩევნო კამპანიას პირადად ხელმძღვანელობდა. განათლებული ახალგაზრდაა, ენერგიული ლიდერია და დარწმუნებული ვარ, ის, გუნდთან ერთად, შეძლებს უპასუხოს გამოწვევებს, რომელიც დღეს დგას ჩვენი პოლიტიკური პარტიის, როგორც მმართველი პარტიის წინაშე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ დატოვა. დღეს გამართულ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაამტკიცეს და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელიც ყრილობაზე დაამტკიცეს