ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, კულება მსოფლიოს ხუთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას სთავაზობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კორპუსებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დაუყოვნებლივ გადადგას ხუთი ნაბიჯი.

კულებამ აღნიშნა, რომ წუხელ, რუსეთმა 20-ზე მეტი რაკეტა ესროლა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბნებს, რის შედეგადაც, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა.

„რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმების ერთადერთი მიზანი იყო მშვიდობიანი ხალხის სიკვდილი და განადგურება, ტერორის და შიშის დათესვა. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიზანმიმართული დამიზნება ომის დანაშაულია. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს შეკავებული, რათა თავიდან იყოს აცილებული შემდგომი საზარელი სისასტიკე“, - განაცხადა კულებამ.

ამასთან დაკავშირებით მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგას ხუთი ნაბიჯი.

კერძოდ, კულებამ მოუწოდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურას და პარტნიორებს, სასწრაფოდ განათავსონ გამომძიებლები და ექსპერტები ადგილზე რუსეთის ომის დანაშაულების მტკიცებულებების მოპოვებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გარდა ამისა, კულებამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცედ დაგმოს ზაპოროჟიეზე რუსეთის არაადამიანური თავდასხმები და გააძლიეროს ზეწოლა მკაცრი ახალი სანქციებით. მან მოუწოდა პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ისრაელს, გერმანიას, ნორვეგიას და საფრანგეთს, სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის (AD) და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის (MD) სისტემები.

„ამ სისტემებს საწყობებში განთავსების ნაცვლად, ახლა უკრაინაში სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ“, - განაცხადა კულებამ.

მეხუთე ნაბიჯი

საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა მოუწოდა ქვეყნებს, რომლებიც აცხადებენ ნეიტრალიტეტს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიმართ, სასწრაფოდ გაგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები ზაპოროჟიეში და „ერთი ღამე გაატარონ საცხოვრებელ ადგილებში, რათა იგრძნონ, რას ცდილობენ ნეიტრალიტეტით".


9 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ჯარებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს ქალაქ ზაპოროჟიეზე. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, სულ დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 87, მათ შორის ექვსი ბავშვია.

თავდაპირველად, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტიევმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.

კონტექსტი: ზაპოროჟიე არის მთავარი ქალაქი სამხრეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზიდან არც თუ ისე შორს, აქ მდებარეობს ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური და იქ მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებულად აკვირდება.