წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და სულ მცირე კიდევ ერთმა დამხმარე ჯგუფმა უკრაინაში, უსაფრთხოების მიზეზების გამო, მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ორგანიზაცის სპიკერმა Reuters-ს განუცხადა.
ICRC-ს დაახლოებით 700 თანამშრომელი ჰყავს. ისინი ქვეყნის მასშტაბით, 10 ლოკაციაზე მუშაობენ. მედიკამენტებს და სხვა სახის დახმარებას აწვდიან მათ შორის მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დევნილ მილიონობით ადამიანს.
- განახლება: ICRC-ის მეორე სპიკერმა მოგვიანებით განმარტა, რომ ვიდრე საველე სამუშაო შეჩერდება, მუშაკები საოფისე საქმიანობას განაგრძობენ.
„როგორც კი უსაფრთხო იქნება გადაადგილება, ისინი გადაადგილდებიან”, - განმარტა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს.