„საქართველოსთან თანამშრომლობის 30-წლიანი გამოცდილება გვაქვს. აქ იმისთვის ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს.
ამ უკანასკნელ ხანებში აქტიური მედია კამპანიაა გაჩაღებული საქართველოში აშშ-ის საქმიანობის წინააღმდეგ. საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამგვარი კრიტიკა არამხოლოდ მმართველი უმრავლესობისგან მოდის, არამედ რუსული და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების პროპაგანდის ელემენტებს იმეორებს. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს? როგორია თქვენი რეაქცია?ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა USAID-ის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა.
„ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობის 30-წლიანი გამოცდილება გვაქვს. აქ იმისთვის ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დიდი ხანი არაა, რაც აქ ვიმყოფები, მაგრამ უკვე მომეცა შესაძლებლობა, შევხვედროდი ბევრ ადამიანს აქ, თბილისში, და დედაქალაქის გარეთაც, სხვადასხვა რეგიონში.
ვიტყოდი, რომ ყველა ჩემმა შეხვედრამ – პარლამენტის თავმჯდომარესთან იქნებოდა ეს, მინისტრებთან და მინისტრების მოადგილეებთან, მათ შორის ვიცე-პრემიერთან, ბიზნეს წრეებთან, თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან – მიჩვენა, რომ ხალხში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორობის გაგრძელების დიდი ინტერესი არსებობს.
- ამ დღეებში, აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ოცდაათი წლისთავი აღინიშნება და ამასთან დაკავშირებით ჩვენი ელჩი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებშიც მოგზაურობს. შეხვედრებისას ელჩი მუდმივად ისმენს საქართველოს მოსახლეობისგან დასავლური კურსის მხარდამჭერ განცხადებებს. ის, რაც ჩვენ ხალხისგან გვესმის, აშკარად ეწინააღმდეგება თქვენს მიერ ნახსენებ განცხადებებს. მსგავსი განცხადებები, სამწუხაროდ, საზოგადოების მეტ პოლარიზაციას იწვევს.
უნდა გითხრათ, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი ხალხის, ბიზნეს სექტორის, ახალგაზრდა მეწარმეების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების შესაძლებლობებმა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქ უკვე 30 წელია, ვმუშაობთ და ყურადღებით ვაანალიზებთ ჩვენს საქმიანობას და თვალი გვიჭირავს მის შედეგებზეც.
შედეგებზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენი დახმარებით შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამა დაწყებითი სკოლებისთვის, ხელი შევუწყეთ მოსამართლეთა გადამზადებას, უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, დავეხმარეთ ფერმერებსა და სხვა მეწარმეებს, ევროკავშირში ექსპორტის სტანდარტების დაკმაყოფილებაში. ამ სამუშაოს გაგრძელებას ვაპირებთ და ყველაფერს რასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ვაკეთებთ.
ინფორმაცია ჩვენი დახმარების შესახებ საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ხოლო მთელი პროცესი ძალიან გამჭირვალე და კონკურენტულია. სამწუხაროა, რომ ეს სამუშაო, თავდასხმების სამიზნედ იქცა, ვინაიდან, ჩვენ აქ ქართველი ხალხის დასახმარებლად ვართ და მათი მხრიდანაც თანამშრომლობისა და პარტნიორობის სურვილი გვესმის“, - ამბობს ჯონ პენელი.
ჯონ პენელი USAID-ის რეგიონული წარმომადგენელი იყო ლიბანში. მანამდე, 2015-2019 წლებში, მას უკრაინასა და ბელორუსში USAID-ის რეგიონული მისიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
1999-2001 წლებში პენელი უკრაინაში მსახურობდა. მას ნაირობიში USAID-ის აღმოსავლეთ აფრიკის მისიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა დროს მუშაობდა სააგენტოს მისიებში ავღანეთში, სალვადორში, ინდონეზიაში, ერაყსა და უზბეკეთში
ჯონ პენელი ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორის ხარისხის კანდიდატია საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევებში. ამასთან, ფლობს აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ეროვნული ომის კოლეჯის მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.
პენელს მიღებული აქვს ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში, ასევე, ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკაში.