ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შეზღუდვების ქვეშ მოექცა 51 ბიზნესმენი და რუსეთის 24 მოქალაქე, რომლებიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაში მონაწილეობენ.
სანქციერებულთა სიაშია „გაზპრომბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე ანდრეი აკიმოვი, ლუკოილის ყოფილი პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი, Rostec-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრე მიხეევი და Novatek-ის გამგეობის თავმჯდომარე ლეონიდ მიხელსონი.
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ თავის განცხადებაში ცალკე აღნიშნა, რომ სანქციები შეეხო Evraz Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ალექსანდრ აბრამოვს, რომელსაც აქვს კავშირები ახალ ზელანდიასთან და ხელისუფლების ცნობით, იქ $50 მილიონად შეფასებულ სახლს ფლობს, თუმცა ქვეყანაში არ ცხოვრობს.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბრამოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას ხელისუფლებამ გამოიყენა ინდივიდუალური მიდგომა და შემოიღო შეზღუდვები ბიზნესმენის ადგილობრივ ეკონომიკასთან კავშირების გაანალიზების შემდეგ. შედეგად, აბრამოვს ახალ ზელანდიაში შესვლა აეკრძალა, მაგრამ მის აქტივები არ გაყინულა.
მახუტამ აღნიშნა, რომ ბიზნესმენის წარმომადგენლების თქმით, აბრამოვს უკრაინაზე რუსული ჯარების თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და 2016 წლიდან ის რუსეთში აღარ ცხოვრობდა.
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ აბრამოვი დაგმობს მოსკოვის ქმედებებს უკრაინელების წინააღმდეგ.
სხვა საკითხებთან ერთად, აკრძალულია ფუფუნების საგნების, მათ შორის ახალი ზელანდიური ღვინისა და ზღვის პროდუქტების, რუსული არაყისა და ხიზილალის ექსპორტი და იმპორტი.