იაპონური ავტომწარმოებელი Nissan-ი რუსეთში არსებულ ყველა აქტივს, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის ქარხანას სახელმწიფოს გადასცემს.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია საუბარი.
გარიგება მოიცავს Nissan-ის საწარმოო და კვლევით ობიექტებს სანქტ-პეტერბურგში (Nissan Manufacturing Rus LLC), ასევე, გაყიდვებისა და მარკეტინგის ცენტრს მოსკოვში.
„ნისანსა“ და „რენოს“, რომლებიც რუსეთში ალიანსში იმყოფებოდნენ, აქტივების ექვსი წლის განმავლობაში გამოსყიდვის შესაძლებლობა დარჩათ.
„ნისანის“ ქარხანამ სანქტ-პეტერბურგში ავტომობილების წარმოება 2009 წელს დაიწყო. 2021 წელს ქარხანამ წარმოება 17%-ით 45 ათას მანქანამდე გაზარდა. შარშან რუსეთში 51,5 ათასი „ნისანის“ მარკის ავტომობილი გაყიდეს. ბაზარზე ავტოკონცერნის წილი 3,1%-ს შეადგენდა.