საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე". დოკუმენტი 11 ოქტომბერს ბუქარესტში გაფორმდა.
რა წერია დეკლარაციაში, Europetime ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
რუმინეთი და საქართველო (შემდგომში „მხარეები“),
ეყრდნობიან რა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ, 1996 წლის 26 მარტს, რუმინეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დებულებებს,
კვლავ ადასტურებენ რა რუმინელ და ქართველ ხალხს შორის საერთო ტრადიციებსა და ღირებულებებზე დამყარებულ, საუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს,
აერთიანებთ რა მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები, განმტკიცებული არსებითი მნიშვნელობის ხშირი კონტაქტებით სხვადასხვა დონეზე, ინტენსიური ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირებით, მზარდ სექტორულ თანამშრომლობასთან ერთად, რომელიც, თავის მხრივ, მორგებულია და ხელს უწყობს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განმტკიცებას,
კვლავ ადასტურებენ რა მტკიცე ურთიერთმხარდაჭერას, ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის მიმართ,
ადასტურებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებისადმი განუხრელ ერთგულებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემას,
ხაზგასმით აღნიშნავენ რა თავიანთ შეუქცევად მზაობას, დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საერთო ღირებულებები, ასევე, გაიზიარონ საერთო ხედვა ევროპაზე, რომელიც არის თავისუფალი, ერთიანი, გამყოფი ხაზების გარეშე, წარმატებული და მშვიდობიანი,
ხაზს უსვამენ რა საერთო ვალდებულებას, გააძლიერონ და ხელი შეუწყონ ევროპულ ღირებულებებს და ამ თვალსაზრისით, იხსენებენ რა, რომ რუმინეთი იყო ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა,
აღიარებენ რა რუმინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ, როგორც ეს აღიარებულ იქნა ევროპული საბჭოს მიერ, 2022 წლის 23 ივნისს,
კვლავ ადასტურებენ რა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ევროკავშირის უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, თავისუფალი ვაჭრობის, სატრანსპორტო და ენერგოუსაფრთხოებისათვის,
აღიარებენ რა საქართველოს, როგორც პარტნიორის, საკვანძო როლს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, მათ შორის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით,
ხაზს უსვამენ რა დემოკრატიული და თავისუფალი მმართველობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობას, ამასთან, კვლავ ადასტურებენ რუმინეთის მზაობას, მეგზურობა და მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს, უმნიშვნელოვანესი რეფორმების პრიორიტეტებთან დაკავშირებით პროგრესის მისაღწევად,
მხარს უჭერენ რა ხალხთა შორის კონტაქტების განვითარებას და ამ მიზნით, იხსენებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიჭებული უვიზო მიმოსვლისადმი რუმინეთის შეუქცევად მხარდაჭერას,
ხაზს უსვამენ რა, რომ უსაფრთხოება ევროატლანტიკურ სივრცეში განუყოფელია და იხსენებენ რა თავიანთ ვალდებულებას, თავი შეიკავონ მუქარის ან ძალის გამოყენებისგან ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთი ფორმით, რომელიც შეუსაბამოა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის იმ პრინციპებთან, რომლითაც ხელმძღვანელობენ წევრი სახელმწიფოები,
იხსენებენ რა ვალდებულებას, რომ არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვა სახელმწიფოთა ხარჯზე, ასევე ყველა სახელმწიფოს განუყოფელ უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები,
ხაზგასმით აღნიშნავენ რა რუმინეთის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მიმართ, მათ შორის, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში,
ყურადღებას ამახვილებენ რა, რომ რუმინეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები გააჩნიათ უსაფრთხო და დაცული შავი ზღვის მიმართ, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მთლიანი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს;
მაღალ შეფასებას აძლევენ რა საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს გამორჩეულ წვლილს და მის მონაწილეობას ევროკავშირისა და ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში, კერძოდ, ევროკავშირის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში და NATO-ს მისიაში ავღანეთში, ისევე, როგორც NATO-სთან თავსებადობის მაღალ დონეს, როგორც ამას ადასტურებს საქართველოსთვის მინიჭებული „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი,
ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ გამოწვევებმა და თანმდევმა ზომებმა, რომლებიც განპირობებულია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციით და დე-ფაქტო ანექსიის გააქტიურებული მცდელობებით, ასევე მუდმივი პროვოკაციებით, გააუარესა ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო და ადამიანის უფლებების მდგომარეობა,
უდიდესი შეშფოთებით აფიქსირებენ რა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა და შავი ზღვის რეგიონში არსებულმა სხვა მოუგვარებელმა კონფლიქტებმა, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ და კიბერ, ჰიბრიდულმა და სხვა ასიმეტრიულმა საფრთხეებმა ევროპის კონტინენტის ამ რეგიონს, ევრო-ატლანტიკურ სივრცესა და მის მიღმა, ძირი გამოუთხარა უსაფრთხოებასა და გამოიწვია დესტაბილიზაცია,
ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის გაჭიანურებამ კიდევ უფრო შეზღუდა ადამიანის უფლებების დაცვა და გააუარესა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, მიაყენა რა მათ უდიდესი ადამიანური ზიანი,
აქცენტს აკეთებენ რა, მაშასადამე, რუსეთსა და საქართველოს შორის მოუგვარებელი კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობის საჭიროებაზე, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მიღწევის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის წარმატებული ჩართულობისა და ნდობის აღდგენის გზით,
პატივს სცემენ რა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში რუმინეთის გამორჩეულ წვლილს, რომელიც თავისთავად წარმოადგენს საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილ ღირებულ კონტრიბუციას და ხაზგასმით აღნიშნავენ რა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობის გადამწყვეტ როლს,
აღიარებენ რა საქართველოსა და რუმინეთის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ჰაბების, სტრატეგიული ადგილმდებარეობის მნიშვნელობას,
მზად არიან რა ხელი შეუწყონ დაკავშირებადობის გაუმჯობესებას რეგიონსა და მთელს მსოფლიოში,
იღებენ გადაწყვეტილებას, ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა გადაიყვანონ სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში და ამ მიზნით, ადასტურებენ მზაობას:
კიდევ უფრო გააძლიერონ პოლიტიკური დიალოგის დინამიკა და შინაარსი, მაღალი დონის რეგულარული ორმხრივი თანამშრომლობით, მათ შორის, ორმხრივ თუ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული საერთო ინტერესის საკითხებზე, საგარეო საქმეთა სამინისტროებს, სხვა სამინისტროებსა თუ სახელმწიფო უწყებებს შორის კონსულტაციების მეშვეობით; ჩამოაყალიბონ უსაფრთხოების ყოველწლიური დიალოგი ორმხრივი ინტერესების საკითხებზე; გააძლიერონ ურთიერთობები საპარლამენტო დონეზე, განსაკუთრებით, მეგობრობის ჯგუფებსა და ორი ქვეყნის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტს შორის; გამართონ კონსულტაციები, საერთაშორისო ინიციატივებისა თუ მათი შემდგომი ხელშეწყობის მიზნით.
გააძლიერონ თანამშრომლობა სექტორულ დონეზე, რუმინეთსა და საქართველოს შორის დაკავშირებადობის ხელშეწყობით, ტრანსპორტის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ენერგო-ინვესტიციების, კულტურის სფეროში და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით.
მხარეები მიმართავენ ძალისხმევას, თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი სტრატეგიული მდებარეობა. რუმინეთი და საქართველო ხელს შეუწყობენ ორმხრივი ვაჭრობის გაძლიერებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და სარგებლის მაქსიმალურად გამოყენებით.
- ისინი, პრიორიტეტული წესით, გააძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებაში, განსაკუთრებული აქცენტით შემდეგ საკითხებზე: შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა.
გააღრმაონ თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას და ამ პროცესში საქართველოს დახმარებას შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისათვის, ასოცირების შეთანხმებით/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გახსნილი შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისების ჩათვლით.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით რეგულარული კავშირებისა და მჭიდრო კოორდინაციით, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა პოლიტიკურ და სამუშაო დონეზე, საქართველოს ინტეგრაციის დღის წესრიგის ხელშეწყობით, მხარეები ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, საქართველოს სამომავლო ინტეგრაციისთვის ნიადაგის მოსამზადებლად დამატებით შესაძლებლობებს მოიკვლევენ. მხარეები თანხმდებიან საუკეთესო სარგებელი მიიღონ „აღმოსავლეთ პარტნიორობისგან“ პრაქტიკულ და საჭიროებებზე მორგებული თანამშრომლობის ხელშეწყობით საერთო ინტერესის სფეროებში, მათ შორის, დაკავშირებადობის გაძლიერებისა და მაღალი პროფილის საფლაგმანო პროექტების განხორციელების გზით.
გააღრმაონ თანამშრომლობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე. მხარეები გააძლიერებენ თავიანთ პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას.
რუმინეთი კვლავაც გააგრძელებს ასპირანტი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას, ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილების ყველა ასპექტის ჩათვლით და შემდგომი სამიტების შესაბამისად.
მხარეები გააღრმავებენ კონსულტაციებს, დიალოგსა და თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებისკენ ნატოს ძალისხმევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე, ალიანსის წევრების გადაწყვეტილებათა შესაბამისად.
რუმინეთი და საქართველო გამოხატავენ მზაობას, კვლავაც აქტიურად ითანამშრომლონ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და იმ ზომების განხორციელების მიმართულებით, რომელთა მიზანია 2022 წლის NATO-ს მადრიდის სამიტზე დამტკიცებული, საქართველოზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაძლიერება.
თავიანთ პარტნიორებთან ერთად, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას, გააღრმავონ თანამშრომლობა ევროატლანტიკური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში.
მხარეები ისწრაფვიან, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა წვრთნები და საპორტო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონში, სანაპირო დაცვის სწავლებები, სიტუაციური ინფორმირებულობა, ინფორმაციის გაცვლა, მედეგობა და სტრატეგიული კომუნიკაცია, თანამშრომლობის შეთანხმებული პროგრამების შესაბამისად.
მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც მოიცავს, და არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის უფრო ფართო და ეფექტიანი მონაწილეობისკენ მიმართული ძალისხმევა, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების შესასრულებლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება და საოკუპაციო ხაზით დაყოფილი საზოგადოებების შერიგება და ჩართულობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების განხორციელება საქმეზე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ (II) (საჩივარი 38263/08).
- ამასთან, შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის მიმდინარე აგრესიული ქმედებებისა და პოლიტიკის ფონზე, მხარეები ხელს შეუწყობენ მჭიდრო თანამშრომლობას ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ როგორც ორმხრივი ფორმატების, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს მექანიზმების გამოყენებით, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას, მათ შორის, რეგულარული კონტაქტებისა თუ შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით კიბერუსაფრთხოების სფეროსა და დეზინფორმაციასთან გამკლავების მიზნით.
კიდევ უფრო გააღრმაონ არსებული დიალოგი და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს ფარგლებში.
მხარეები თანხმდებიან, ახლო მომავალში, ერთობლივად შეიმუშავონ დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებსა და განსახორციელებელ ზომებს, რათა უზრუნველყონ ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი სტრატეგიული პარტნიორობა.
მხარეები მოუთმენლად ელიან მომავალ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში როგორც რუმინელი, ისე ქართველი ხალხების საკეთილდღეოდ.