ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მინსკში, ევროკავშირის ელჩ დირკ შუებელს აკრედიტაცია არ განუახლა. ის ბელორუსში ევროკავშირის მისიას 2019 წლიდან ხელმძღვანელობს.
ამის შესახებ დიპლომატმა Facebook-ზე დაწერა.
„თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მანდატი, ბელორუსში სრულდება. ბელორუსის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კიდევ ერთი წლით არ განაახლოს ჩემი ვიზა და აკრედიტაცია, რაც ძალიან ართულებს ჩემი მანდატის შესრულებას.
ვნანობ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მზად ვიყავი გამეგრძელებინა მუშაობა ბელორუსთან, როგორც ელჩს და იმედიც კი მქონდა, ჩემი თანამდებობის ბოლო წლის განმავლობაში მინსკში დაბრუნებას შევძლებდი“, - წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში.
ამასთან, დირკ შუებელმა აღნიშნა, რომ ბელორუსში 1 340-ზე მეტი პოლიტპატიმარია, რომელთა დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებასაც ევროკავშირი მოითხოვს.