პუტინი რაციონალური მოთამაშეა, მაგრამ უკრაინაში შეჭრისას შეცდა და გათვლებში შეცდომა დაუშვა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბაიდენის თქმით, პუტინს შეცდომით სჯეროდა, რომ უკრაინელები რუს სამხედროებს დაემორჩილებოდნენ. „ეს იყო ბოდვა, რომელიც თავად უკრაინელებმა რუსული აგრესიისადმი სასტიკი წინააღმდეგობით უარყვეს“, - აცხადებს ბაიდენი.
აშშ-ის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში, ბირთვულ საფრთხეებზეც ისაუბრა. ბაიდენის თქმით, პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.
„არა მგონია, რომ ის ამას გააკეთებს. ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლობაა ამაზე ლაპარაკი, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული ძალის მსოფლიო ლიდერი ამბობს, რომ მას უკრაინაში, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია", - თქვა ბაიდენმა.
შეკითხვას, როგორი იქნება აშშ-ის რეაქცია, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ჯო ბაიდენმა დეტალები არ დააკონკრეტა და განაცხადა, რომ „თავდაცვის დეპარტამენტს ყველა ვარიანტი შემუშავებული აქვს“.