ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„დადგინდა, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები“, - აცხადებს ФСБ.
მისივე მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა, მიღებული მონაცემებით, რულონებში იყო შენიღბული სამშენებლო პოლიეთილენის ფირით.
ФСБ-ს მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი უკრაინიდან, ოდესის პორტიდან ბულგარეთში, ქალაქ რუსეში გაგზავნეს, აქედან საქართველოში, ფოთის პორტში, ამის შემდეგ კი, სომხეთში. შემდეგ კი, ტვირთი სომხეთიდან კვლავ საქართველოში დააბრუნეს, საიდანაც რუსეთში გადაიტანეს.
მისივე განცხადებით, „გადაზიდვების პროცესში, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს ორი მოქალაქე, სანდრო ინოსარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი“.
აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია რუსეთის ხუთი და უკრაინისა და სომხეთის სამი მოქალაქე.
8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.