გიორგი კაკაურიძე: საქართველოს საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბრალდებას, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე უსაფუძვლოს უწოდებს. 

ამის შესახებ, მან ჟურნალისტებს დღეს, საქართველოს პარლამენტში ვიზიტისას განუცხადა. 

„არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს თუ ვაგონს...

არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან", - განაცახადა მინისტრის მოადგილემ. 

მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება.

„ყოველთვის შეუძლია ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას,“- აღნიშნა კაკაურიძემ.