უკრაინის საკითხთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც დღეს NATO-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში შეიკრიბა, მზადაა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დღეს ბრიუსელში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი.
„უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს რაც შეიძლება სწრაფად, რამდენადაც მათი მიწოდება ფიზიკურად არის შესაძლებელი. ეს არის მთავარი პრიორიტეტები, რაზეც ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას“, - განაცხადა ოსტინმა.
ამასთან, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს - 50 ქვეყანას ესმის უკრაინელების შეშფოთება მათი სახლებისა და ოჯახების უსაფრთხოებაზე.