ალექსანდრე დარახველიძე: როგორც ტრანზიტული, ასევე, არატრანზიტული ტვირთები საქართველოში, საბაჟო კონტროლს გადის. საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხთან შეხება არ აქვს.

„საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შეხება არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე, არატრანზიტული ტვირთები საქართველოში, საბაჟო კონტროლს გადის. მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა, - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იყო. ФСБ-ს მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი უკრაინიდან, ოდესის პორტიდან ბულგარეთში, ქალაქ რუსეში გაგზავნეს, აქედან საქართველოში, ფოთის პორტში, ამის შემდეგ კი სომხეთში. შემდეგ კი, ტვირთი სომხეთიდან კვლავ საქართველოში დააბრუნეს, საიდანაც რუსეთში გადაიტანეს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბრალდებას, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე უსაფუძვლოს უწოდებს. 

„არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან", - განაცახადა მინისტრის მოადგილემ. 

მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება.

„ყოველთვის შეუძლია, ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას“, - აღნიშნა კაკაურიძემ.

8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.