მოლდოვის პრემიერმა აზერბაიჯანში ვიზიტი დაასრულა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ნატალია გავრილიცამ ვიზიტისას, ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხი განიხილა.
მისი თქმით, აზერბაიჯანულ გაზზე დიდი მოთხოვნაა.
- ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს ჩვენი გაზის საცავის შევსების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიწოდება ორი თვის განმავლობაში. ეს იქნება დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი
გავრილიცას თქმით, მოლდოვა ასევე ეძებს გრძელვადიან პარტნიორებს და ამ კუთხით აზერბაიჯანის, როგორც სანდო პარტნიორის იმედი აქვს.
„მოლდოვას სურს, შეიძინოს 300 მლნ. კუბური მეტრი გაზი. მოლდოვა ეძებს მოკლე და საშუალოვადიან გადაწყვეტას გაზისა და ენერგეტიკული კრიზისის თაობაზე. არცერთ ქვეყანას არ სურს, იყოს დამოკიდებული ერთ მიმწოდებელზე. ამიტომ, ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ მიმწოდებლებს. ეს საკითხი განიხილებოდა აზერბაიჯანთანაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში გვექნება პროდუქტიული მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროკავშირის ინტერესს აზერბაიჯანული გაზის მიმართ", - განაცხადა გავრილიცამ.
აზერბაიჯანი და მოლდოვა მეგობრები და პარტნიორები არიან, განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან პირისპირ შეხვედრისას, იუწყება Trend.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში ვიმუშავებთ თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე, რადგან ასეთი კარგი პოლიტიკური ურთიერთობების გარდა, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ შესაძლებლობები სხვა სექტორებში.
მჯერა, რომ ეს საკითხები სერიოზულად იქნება განხილული თქვენი ვიზიტის დროს. ჩვენ ვიქნებით გარკვეული გამოცოცხლების მოწმენი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს დიდი პოტენციალი ორმხრივი ვაჭრობის დონის ასამაღლებლად.
რა თქმა უნდა, გლობალური დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ენერგეტიკული უსაფრთხოებაა. ჩვენ უკვე განვიხილავთ ამ საკითხებს ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილავთ არსებულ ვითარებას და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაიწყოს თანამშრომლობა ამ სფეროებში.
ბევრი სხვა სფეროა და მჯერა, რომ იქნება დიდი შესაძლებლობები ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი პოლიტიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, ასეც უნდა იყოს. რამდენიმე დღის წინ მქონდა საშუალება, პრაღაში შევხვედროდი პრეზიდენტს. თქვენ იცით, რომ ადრე გვქონდა შეხვედრები და სატელეფონო საუბრები. კარგი და საქმიანი ურთიერთობა დამყარდა. დარწმუნებული ვარ, თქვენ დაამყარებთ კარგ ურთიერთობას თქვენს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, რათა წინ წავიწიოთ ჩვენი პარტნიორობა“, - განაცხადა ალიევმა.