აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია საქართველოზე ჩანაწერს შეიცავს.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ტექსტში წერია, რომ აშშ მხარს დაუჭერს საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმებისადმი ერთგულებას.
„მხარს ვუჭერთ რა უკრაინას, ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმებისადმი ერთგულებას.
დავეხმარებით პარტნიორებს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებაში, დასავლეთ ბალკანეთში. მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოსაგვარებლად. ასევე, გავაგრძელებთ თურქეთთან თანამშრომლობას, რომ გავაძლიეროთ მისი სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური კავშირები დასავლეთთან.
ჩვენ ასევე ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად შექმნილი ლტოლვილთა კრიზისის სამართავად”, - ვკითხულობთ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.