მიხეილ ჩხენკელი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: ძნელია, სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ვაკის პარკში უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდის გარდაცვალებაზე სამძიმრის წერილს ავრცელებს. 
 
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანაკლასელებს.
 
დღევანდელი შემთხვევა სკოლისა და სამინისტროსთვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ძნელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით.
 
კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს, მხნეობასა და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ უმძიმეს წუთებში“, - ნათქვამია ჩხენკელის განცახდებაში. 

13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. 

Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.