უკრაინის პრეზიდენტმა მიმდინარე ომში, ბახმუტის მიმართულებით არსებულ ვითარებას კვლავ ერთ-ერთი რთული უწოდა.
„ახლა რუსეთი ათასობით მობილიზებულს გზავნის. ისინი არ არიან სათანადოდ მომზადებულები, მაგრამ მათ მეთაურებს ეს არ სჭირდებათ. იმედი აქვთ, რომ მობილიზებული რუსები რამდენიმე კვირა მაინც გაძლებენ ომის პირობებში, შემდეგ დაიღუპებიან, შემდეგ ახლებს მიიყავნენ ფრონტის ხაზზე. მაგრამ ამ პერიოდში რუსი გენერლების მიერ თავისი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენება, დამატებით ზეწოლას ახდენს ჩვენს მცველებზე.
ეს მნიშვნელოვანი ზეწოლაა. და, მადლიერი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ვინც ამ ზეწოლას უძლებს. ასევე მადლობა პარტნიორებს, ვინც ხვდება, რომ ამ პირობებში ჩვენ გვესაჭიროება თავდაცვითი მხარდაჭერის გაზრდა. ხვალ იქნება ჩვენი სრულმასშტაბიანი თავდაცვის 233-ე დღე და ახალი ნაბიჯები, რომლებიც მშვიდობასა და გამარჯვებასთან დაგვაახლოებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„ჩვენ შევქმნით სპეციალურ ტრიბუნალს რუსული აგრესიის დანაშაულისთვის და უზრუნველვყოფთ სპეციალური კომპენსაციის მექანიზმს, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს.
მადლობელი ვარ ევროპის საბჭოში ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებიც მუშაობენ სამართლიანობისთვის უკრაინასა და ჩვენს მთელ კონტინენტზე. მადლობელი ვარ PACE-ში ჩვენი დელეგაციის, ნამდვილად ეფექტიანი მუშაობისთვის!
ასევე მადლობელი ვარ ყველა უკრაინელი დიპლომატისა და ჩვენი მეგობრების მსოფლიოსა და გაეროში, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სახელმწიფოების კონსოლიდაციას ისე, რომ ჩვენ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მოვიპოვეთ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რუსული ტერორისტული ომის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
მსოფლიო ხედავს, რა ხდება. მან იცის იმ ფარსის ფასი, რომელიც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყალბი რეფერენდუმების სახით მოაწყო. გაეროს 143 წევრმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც იცავს გაეროს წესდების ძირითად პრინციპებს და გმობს რუსეთს ჩვენი ტერიტორიის ანექსიის დანაშაულებრივი მცდელობისთვის.
ეს რეკორდული რაოდენობაა სახელმწიფოებისა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას დღეს. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, - აღნიშნავს ზელენსკიმ.