სამივე ბავშვი უგონოდ იყო, ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო ორგანიზმმა - ვაკის პარკის მებაღე

მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში ბავშვები გადაარჩინა, ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მომხდარს იხსენებს.

„სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, უგონო მდგომარეობაში და ორის გამოყვანა შევძელი გუშინ, სადამდეც გამიძლო მეც ორგანიზმმა იმ დენის გამო და სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა. ნეტა ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი.

პირველი დახმარება მე მომიწია, ხალხიც უამრავი იყო, ყველა ცდილობდა მათ დახმარებას. სასწრაფოც მაშინვე მოვიდა, მალევე და მერე მათ გააგრძელეს ბავშვების დახმარება.

მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში და დაიღუპაო მერე გავიგე... მანამდე კიდევ იყო რაღაც იმედი"- ამბობს მეზურნიშვილი.


13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. 

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.