აშშ-ის საელჩო: ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ოჯახს უსამძიმრებს. ინფორმაცია საელოს Facebook-ზე გავრცელდა. 

„ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება.

უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს.

იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ" - წერს საელჩო.


13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.