ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი უბედურება დატრიალდა, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს

მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო.

„გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს“, - განაცხადა პრემიერმა.


13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.