სამედიცინო პერსონალის მხრიდან, არცერთი მიზეზი არაა, რომ ბავშვი სადმე გადავიყვანოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმა დავით ციბაძემ განუცხადა.
ამასთან ექიმმა აღნიშნა, რომ გართულების საშიშროება მაინც არსებობს.
„გართულებების საშიშროება რჩება. იყო იქ ასპირაცია, 72 საათი ჯერ არ გასულა და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. ამ დროისთვის აპარატიდან მოხსნილია. მოზარდი მშობლებთან კომუნიკაციაში შევიდა“, - განაცხადა ექიმმა.
13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
- გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.