დავით ასათიანი: სახალხო დამცველობის რამდენიმე კანდიდატი არაკვალიფიციურად მივიჩნიე

იყო რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც თავიდანვე არაკვალიფიციურ კანდიდატებად მივიჩნიე, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელმა, დავით ასათიანმა განაცხადა.

„კრიტერიუმები იყო კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა, პროფესიული კვალიფიკაცია და გამოცდილება. ოთხივე მნიშვნელოვანია ისეთი პოზიციისთვის, როგორიც არის სახალხო დამცველი საქართველოში. პირადად მე ყველა შევაფასე პროფესიული კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების კუთხით.

იყო რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც თავიდანვე არაკვალიფიციურ კანდიდატებად მივიჩნიე, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რეალურად, მათ წარმოდგენა ჰქონდათ, რომ jobs.ge-ზე გამოცხადებულ ვაკანსიას ავსებდნენ. ასეთი მცირე იყო და მათი შეფასებისაგან თავი შევიკავე", - განაცხადა ასათაიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. 

როგორც ცნობილია, კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.