ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს

ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის მიწოდება, ისრაელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებისკენ უბიძგებს, ამ შინაარსის განცხადებას ისრაელის დიასპორის საქმეთა მინისტრი ნაჩმან შაი აკეთებს.

„დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. ეჭვგარეშეა, სად უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დადგა დრო, რომ უკრაინამ ასევე მიიღოს სამხედრო დახმარება, ისევე როგორც აშშ და NATO-ს ქვეყნები აწვდიან“, - წერს მინისტრი.

ცნობისთვის, ისრაელი ამ დრომდე უარს ამბობდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.

The Washington Post-ი აშშ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანი რუსეთისთვის მისაწოდებლად Fateh-110-ისა და Zofaghar-ის ტიპის რაკეტების პირველ პარტიას ამზადებს.

Fateh-110 და Zofaghar მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტებია, რომლებსაც შეუძლიათ, სამიზნეებს 300 და 700 კილომეტრის მანძილზე მიაყენონ დარტყმა.


როგორც უკრაინის, ასევე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროების ცნობით, რუსეთს ეწურება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების საკუთარი მარაგი და მოსკოვმა უკვე იყიდა ასობით ირანული კამიკაძე-დრონი.

11 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომისთვის ირანისგან 2400 კამიკაძე-დრონი შეუკვეთა. უკრაინის სამხედროები ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას ირანული წარმოების დრონების ჩამოგდების შესახებ.

შეერთებულმა შტატებმა ოთხ ირანულ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს ირანული დრონების შემუშავებისა და რუსეთში გაგზავნისთვის სანქციები დაუწესა.

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის მინისტრები ასევე განიხილავენ ირანის წინააღმდეგ სანქციებს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო. ირანმა თავის მხრივ, უარყო რუსეთისთვის იარაღის მიწოდება.