კალათბურთელ ალენა ლეუჩანკას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბელარუსელი სპორტსმენია, ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.
30 სექტემბერს მინსკის ლენინის რაიონის მოსამართლემ, მარინა ზაპასნიკმა ლეუჩანკას პატიმრობა მიუსაჯა საზოგადოებრივი თავშეყრის წესების დარღვევისთვის.
მანამდე ლეუჩენკა, რომელიც მოძრაობა „ათლეტების თავისუფალი ასოციაციის“ წევრია, 30 სექტემბერს დააკავეს მინსკის აეროპორტში, როცა ის უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრებას აპირებდა.
ლეუჩენკა იყო ბელარუსის ეროვნული ნაკრების წევრი, თამაშობდა რუსეთის სუპერლიგასა და აშშ-ის WNBA-ში.
აგვისტოში 350-მდე ბელარუსელმა ათლეტმა და სპორტის სფეროს სხვა წარმომადგენელმა ღია წერილით მიმართა ლუკაშენკას. მათ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება და „პოლიტიკური პატიმრებისა“ და საპროტესტო გამოსვლების დროს დაპატიმრებულთა განთავისუფლება მოითხოვეს.
ლუკაშენკამ, რომელიც უარს ამბობს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე, 23 სექტემბერს ჩუმად დადო საპრეზიდენტო ფიცი.
დასავლეთის ქვეყნები უარს ამბობენ ლუკაშენკას ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ცნობაზე და ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის მოწოდებით გამოდიან.