სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა, - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა.
„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში. ღრმად ვაფასებთ ნორვეგიის, როგორც ერთ - ერთი ყველაზე მსხვილი დონორის მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ნორვეგიის როლი საქართველოში ინკლუზიური განათლების მოდელის დანერგვასა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება-რეაბილიტაციის პროცესში. მზარდია ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო -ეკონომიკური და ტურისტული კავშირები, რაც მეტად პერსპექტიულს ხდის ურთიერთობების განვითარებას შავი ზღვის, ენერგეტიკისა თუ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.