QazaqGaz-მა და Turkmengaz-მა თურქმენული გაზის იმპორტზე ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა.
„მადლობას ვუხდი თურქმენეთის პრეზიდენტს ამ პროექტის ხელშეწყობაში პირადი მხარდაჭერისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებით და მზად ვართ გაზის იმპორტის მოცულობა წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზარდოთ“, - განაცხადა თოყაევმა.
პრეზიდენტმა გამოაცხადა ყაზახეთის განზრახვა მონაწილეობა მიიღოს თურქმენეთის ძირითადი ენერგეტიკული ინიციატივების განხორციელებაში, ასევე გამოცდილების გაცვლასა და ორმხრივად მომგებიანი პროექტების განვითარებაში გაზის გადამუშავებისა და გაზის ქიმიის სფეროში.
გარდა ამისა, განხილული იქნა ყაზახური ხორბლის თურქმენეთის ბაზარზე ექსპორტის პერსპექტივები და თურქმენეთ-ავღანეთის საზღვარზე მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობა.
შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი, ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად, 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა.