გერმანიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის, შენგენის ვიზების გაცემა გაართულა

რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც გერმანიაში შენგენის ვიზას ითხოვენ, ფინანსური გარანტიისთვის ამონაწერი, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბანკიდან უნდა წარადგინონ. ამის შესახებ რუსეთში, გერმანიის წარმომადგენლობების მიერ აკრედიტებული ერთადერთი სავიზო ცენტრის VisaMetric-ის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„განსახილველად შეიძლება მივიღოთ მხოლოდ განმცხადებლის სახელზე გაცემული განახლებული დოკუმენტები, რომელსაც თან ახლავს საგარანტიო წერილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი (დამოწმებადი) ბანკიდან“, - აღნიშნულია ტურისტული ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალში. 

სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა. ამის შემდეგ, გერმანიის სავიზო ცენტრმა რუსეთში, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ფინსნაური გარანტიისა და დაზღვევისთვის, მხოლოდ ევროკავშირში გაცემული დოკუმენტაცია მოითხოვა. 


ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.

რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება

  • სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე,
  • დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება;
  • ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს;
  • საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება;
  • ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა.

პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.