კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ტერიტორიების ანექსიის გამო, დამატებითი სანქციები დაუწესა.
კანადამ სანქციები 34 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დააწესა, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდაში მონაწილეობდნენ.
კერძოდ, სანქცირებულთა სიაშია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი პროპაგანდისტული არხი Zvezda, რუსი მსახიობები სერგეი ბეზრუკოვი და ვლადიმერ მაშკოვი, ტელეწამყვანები თინა კანდელაკი და ნაილია ასკერ-ზადე, პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი და სხვები.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციის შემდეგ, კანადამ სანქციები რუსეთის ფედერაციის 1800-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა, ხოლო 24 თებერვლიდან რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეობის მქონე 1400-ზე მეტ ფიზიკურ პირს.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს კანადამ სანქციები დააწესა 43 რუსი ოლიგარქის, ფინანსური ელიტისა და მათი ოჯახების, ეგრეთ წოდებული „ხერსონის მმართველი ორგანოს“, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი 35 „ჩინოსნის“ წინააღმდეგ დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში.