ევროპარლამენტი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების საკითხს კენჭს უყრის

ევროპარლამენტმა, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის მოთხოვნა დაამტკიცა და პლენარული სესიების დღის წესრიგში, დებატების ნაწილში, რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ცნობის საკითხის განხილვა შეიტანა. 

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პოლონეთიდან ბოჰდან ჟონცამ PAP-ის კომენტარში განაცხადა.

კენჭისყრისას რეზოლუციის დებატებში ჩართვას, მხარი 201-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 99, ხოლო 61-მა თავი შეიკავა.

„მოხარული ვართ, რომ დისკუსია გაიმართება და ნოემბერში ხმას მივცემთ ამ რეზოლუციას, რომელიც წარმოაჩენს რეალურ ურთიერთობას რუსეთსა და ევროკავშირს შორის და აჩვენებს პუტინისა და მისი გარემოცვის ბარბაროსობას,“ - აღნიშნა ჟონცამ.

რეზოლუციის განხილვა და კენჭისყრა ევროპარლამენტში 21-24 ნოემბრის სესიაზე იგეგმება.

მოგეხსენებათ, უკრაინა ითხოვს, რომ აშშ-მა რუსეთი, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს. 

გარდა ამისა, აგვისტოში ლატვიის საემმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა, ხოლო ესტონეთში შესაბამისი რეზოლუცია კენჭისყრაზე დადგა.