ავსტრალიამ ისრაელის დედაქალაქად დასავლეთ იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა

ავსტრალიამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პენი ვონგის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ძირს უთხრის. მისივე განცხადებით, ავსტრალია რჩება ისრაელის "ურყევი მეგობარი" და ქვეყნის საელჩო თელ-ავივში მუშაობას ჩველ რეჟიმში გააგრძელებს.

ამასთან, ისრაელის პრემიერ მინისტრმა, იაირ ლაპიდიმ იმედი გამოთქვა, "ავსტრალიის მთავრობა სხვა საკითხებს უფრო სერიოზულად და პროფესიონალურად მართავს".

ამასთან, ავტრალიის გადაწყვეტილების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა იმედგაცრუება გამოთქვა და ავსტრალიის ელჩი დაიბარა.

შეგახსენებთ, რომ იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინელებს შორის ერთ-ერთი მთავრი სადავო საკითხია. 2017 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. 2018 წლის მაისში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ ავსტრალიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმაც დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, თუმცა საელჩო თელ-ავივში დატოვა მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევამდე.

ცნობისთვის, იერუსალიმს 1947 წლის ნოემბერში გაეროს Corpus Separatum, იგივე გაყოფილი ერთეულის სტატუსი მიანიჭა.