ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებებისთვის სივრცე აღარ დარჩა

რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებით, მოლაპარაკებებისთვის სივრცეს სპობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევზე რუსეთის განახლებული შეტევის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთის დარტყმების შედეგად, უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა გამოიწვია.

„კიდევ ერთი რუსული ტერორისტული თავდასხმები“, რომელიც მოლაპარაკებებისთვის სივრცეს სპობს. პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებებისთვის ადგილი აღარ დარჩა“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.


18 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის ფედერაციის ძალებმა სამი რაკეტა ისროლეს.

კიევის მერის ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე ისევ ენერგოინფრასტუქტურა იყო.

დილიდან, უკრაინის ყველა ოლქში, საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის.

10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც.