უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფად გადაცემის მოთხოვნით, ოფიციალურ ნოტას გაუგზავნის.
„დღეს უკრაინა გაუგზავნის ოფიციალურ ნოტას ისრაელის მთავრობას თხოვნით, სასწრაფოდ მიაწოდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და დაიწყოს მაღალი ხარისხის თანამშრომლობა უკრაინის მიერ შესაბამისი ტექნოლოგიების შეძენასთან დაკავშირებით.
თქვენ იცით, რომ ირანი არის წითელი ხაზი ისრაელისთვის. მას შემდეგ, რაც ირანი არსებითად გახდა უშუალო თანამონაწილე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, ვფიქრობ, ისრაელში ნებისმიერს, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს, დაეხმაროს უკრაინას თუ არა, ეს ყოყმანი უნდა შეწყვიტოს და ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა კულებამ.
კულებას თქმით, თუ ისრაელი ნამდვილად თანმიმდევრულია თავის პოლიტიკაში ირანის დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, დროა, უკრაინის მხარე ღიად დაიჭიროს.
როგორც უკრაინის, ასევე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროების ცნობით, რუსეთს ეწურება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების საკუთარი მარაგი და მოსკოვმა უკვე იყიდა ასობით ირანული კამიკაძე-დრონი.
11 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომისთვის ირანისგან 2400 კამიკაძე-დრონი შეუკვეთა. უკრაინის სამხედროები ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას ირანული წარმოების დრონების ჩამოგდების შესახებ.
შეერთებულმა შტატებმა ოთხ ირანულ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს ირანული დრონების შემუშავებისა და რუსეთში გაგზავნისთვის სანქციები დაუწესა.