იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა მომავალში NATO-ს წევრი გახდება, თუმცა ჯერ ომი აქვს მოსაგები

მე ვიცავ შეთანხმებულ პოზიციას, რომ NATO-ს კარი ღია რჩება და უკრაინა მომავალში გახდება ალიანსის წევრი. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ახლა მოკლევადიანი პრიორიტეტია უკრაინის დახმარება, რათა ბრძოლის ველზე მეტი უპირატესობის მიღება შეძლოს და ეს ომი დაასრულოს, რათა ევროპაში დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო გახდეს. „ეს გაწევრიანებაზე ნებისმიერი დისკუსიის წინაპირობაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე.

„2014 წლიდან ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და დონბასის ნაწილებს აკონტროლებს. მაშინ მთავარი აქცენტი უკრაინის მხარდაჭერა იყო. ჩვენ ასევე მტკიცედ განვაცხადეთ, რომ თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია აირჩიოს თავისი გზა, ეს ასევე ეხება უკრაინას. დასასრულს, უკრაინისა და 30 მოკავშირისთვის დადგება საკითხი,  რომ მიიღონ წევრობის შესახებ გადაწყვეტილება. რუსეთს ამაზე სიტყვა არ ეთქმის. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას, რომ ამ ომში გაიმარჯვოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. 

რაც შეეხება, უკრაინის ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობას, NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ უკრაინა ახლა ომშია და უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას იღებს.  

„მე მტკიცედ მჯერა, რომ უკრაინა სხვა პოზიციაზეა, ვიდრე შვედეთი და ფინეთი. ფინეთი და შვედეთი NATO-ს პარტნიორები არიან მრავალი წლის განმავლობაში. ალიანსში არის კონსენსუსი, რომ ისინი წევრებად მოიწვიონ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მადრიდის სამიტზე. "- განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.  

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი ნატალია გალიბარენკო თვლის, რომ კიევის განცხადება NATO-ში დაჩქარებული შესვლის შესახებ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე დისკუსიამ „ფორმალიზებული ხასიათი შეიძინა“.