ევროპარლამენტმა უკრაინელ ხალხს სახაროვის პრემია მიანიჭა. პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ 19 ოქტომბერს გამოაცხადა.
„ისინი იბრძვიან იმისთვის, რისიც სჯერათ. თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად დგანან ჩვენი ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად“, - დაწერა მეცოლამ Twitter-ზე.
დაჯილდოების ცერემონია 14 დეკემბერს გაიმართება.
სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ ევროპარლამენტის მიერ 1988 წელს დაარსდა. ჯილდო გადაეცემა იმ პირებს, რომლებმაც „განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აზროვნების თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში მთელს მსოფლიოში“.
გასულ წელს, სახაროვის პრემია რუსეთში ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის გადაეცა.
პრემია საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს.