კანადამ ირანში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო ახალი სანქციები დააწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სანქციების ახალ პაკეტში 6 ფიზიკური პირი და 4 ორგანიზაცია შევიდა. მათ შორის შს მინისტრის მოადგილე სეიედ მაჯიდ მირაჰმადი, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ერთ-ერთი ოპერაციული ბაზის მეთაური მოჰამად ქარამი და ირანის სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ეზატოლა ზარგამი.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ირანის ხელისუფლების სტრუქტურაში კომისიებისა და საბჭოების სახით ფუნქციონირებენ. მათ შორის არის ექსპერტთა ასამბლეა, რომელიც პასუხისმგებელია უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის არჩევაზე.
კანადის განმარტებით, სანქციები დაწესდა „ადამიანის უფლებების სისტემატური უხეში დარღვევების და რეგიონში უსაფრთხოებისა და წესრიგის ძირგამომთხრელი ქმედებებისთვის“.